გოგაშვილმა დაასახელა ივანიშვილი, გომელაური და კუპრაშვილი - სუს-ის ყოფილი შეფის გამოკითხვა დასრულებულია

16.09.22 15:31
გოგაშვილმა დაასახელა ივანიშვილი, გომელაური და კუპრაშვილი - სუს-ის ყოფილი შეფის გამოკითხვა დასრულებულია

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებუელბაში სოსო გოგაშვილის 4 საათიანი გამოკითხვა დასრულდა. 

გოგაშვილის ადვოკატის თქმით, სუს-ის ექს შეფმა დღეს აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან გატაცების საქმეზე გამოძიებას ყველა ის მაღალჩინოსანი დაუსახელა, ვინც ამ სქემაში მონაწილეობდა.

დასახელებულ მაღალჩნოსანთა შორის არიან ბიძინა ივანიშვილი და ვახტანგ გომელაური. ასევე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და შემსრულებელი, ვინმე კუპრაშვილი.

ასევე, გოგაშვილმა ჩვენების მიცემის დროს თქვა, რომ იმ მარშრუტზე არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერების წაშლის ბრძანება, სადაც სავარაუდოდ მუხთარლი გადაადგილდებოდა, გომელაურმა ივანიშვილისგან მიიღო.

"მან დაასახელა მანამდე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაში არსებული ფიგურანტები. ჩვენებაში იოსებ გოგაშვილმა დაასახელა როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე ვახტანგ გომელაურიც. ასევე დასახელებულია კუპრაშვილი, ერთ-ერთი ფიგურანტი, შემსრულებელი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად შეასრულა აღნიშნული დავალება.  მან განაცხადა, რომ გაიცა კონკრეტული დავალებები იმ მარშრუტზე არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერების წაშლისა, სადაც სავარაუდოდ თავისუფლება  აღკვეთილი აფგან მუხთარლი გადაადგილდებოდა. მან იცის, რომ ეს დავალება ვახტანგ გომელაურმა მიიღო ივანიშვილისგან". - ამბობს გოგაშვილის ადვოკატი.

რაც შეეხება საქმის პროკურორს, მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ გოგაშვილი გარკვეულ გარემოებებს შეეხო, თუმცა სრულყოფილი ინფორმაცია არ მიუწოდებია გამოძებისთვის. 

„საგამოძიებო მოქმედება არ დასრულებულა თავად იოსებ გოგაშვილის მოთხოვნით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რაღაც დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. გარკვეულ გარემოებებს გოგაშვილი ბუნებრივია შეეხო, თუმცა მას, როგორც მოწმეს, სრულყოფილი ინფორმაცია არ მოუწოდებია, ასევე ჩვენც, ვერ დავსვით ყველა კითხვა“. - ამბობს პროკურორი.

სუს-ის ექს შეფს საგამოძიებო უწყებებისთვის კიდევ ბევრი აქვს სათქმელი. თუ როდის გაგრძელდება იოსებ გოგაშვილის დაკითხვა რუსთავის მე12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ეს ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები