კოქსი „ოცნების“ მხარდასაჭერად რუსეთის დავალებით ჩაერთო არჩევნებში - ვაშაძე

17.09.22 13:30
კოქსი „ოცნების“ მხარდასაჭერად რუსეთის დავალებით ჩაერთო არჩევნებში - ვაშაძე

როგორ მოხდა, რომ  ქვეყანაში არჩევნებს რუსეთის აგენტი აკვირდებოდა. სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ოპოზიცია კითხვებზე პასუხებს  მოითხოვს.  

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გარკვეული ინფორმაცია მანადეც ჰქონდათ კოქსის პრორუსულ კურსზე, რადგან მისი თქმით, სადამკვირვებლო მისიის შეფი რუსეთისკენ მიდრეკილ განცხადებებს ხშირად აკეთებდა.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი იმასაც ამბობს, რომ კოქსი „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად რუსეთის დავალებით ჩაერთო არჩევნებში.

გარკვეული ინფორმაციები გვქონდა, რომ კოქსი რუსეთისკენ მიდრეკილ განცხადებებს აკეთებდა. თუმცა, ამ მტკიცებულებებმა, ახლა რაც გამოქვეყნდა, ეს საბოლოოდ გაამყარა. მე დარწმუნებული ვარ, უკრაინის ომში გამარჯვებასთან ერთად, ყველა რუსული აგენტი გამოვლინდება. ვეუბნები, ასევე საქართველოში რუსეთის აგენტებს, ფრთხილად იყავით, გეშინოდეთ. 

რატო ჩაერთო ის „ქართული ოცნების“ დასახმარებლად?  იმიტომ რომ დავალება მიიღო რუსეთისგან. ეს არის მტკიცებულება, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა და მას ეხმარება რუსეთის დაფინანსებული აგენტურული ქსელები ევროპაში საკუთარი პოზიციების გამყარებაში“. -ამბობს ვაშაძე.

სადამკვირვებლო მისიის შეფი, რომელიც საქართველოში 2020 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად გამოაცხადა, რუსეთის აგენტი აღმოჩნდა.

ევროპული გამოცემა ,,ობზერვერის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კოქსის ოფიციალური კურატორი რუსული დაზვერვის თანამშრომელი, ვალერი ლევიცკი, იყო, რომელიც 2018 წელს საფრანგეთიდან ჯაშუშობისთვის გააძევეს.

კოქსი რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლის ინტერესების გამტარებელი იყო და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამჟამინდელი ხელმძღვანელის პოსტზე მის არჩევას სწორედ რუსეთი ლობირებდა. კოქსის გარდა, კრემლის გავლენის ქსელში შედიოდნენ მისი წინამორბედი თავმჯდომარეები, ესპანელი პედრო აგრამუნტი და  ჰოლანდიელი რენე ვან დერ ლინდენი.

შესაძლოა, ითქვას, რომ 2020 წელს ,,ქართული ოცნება" ტინი კოქსმა გადაარჩინა. ევროპის საბჭოს სადამკვირებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა არჩევნებზე მომხდარი სერიოზული დარღვევების  მიუხედავად თქვა, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და კენჭისყრის დღეს ფუნდამენტური თავისუფლება   დაცული იყო.

გაჟღერებულ ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა თავად კოქსი და მას ,,ყალბი და უსაფუძვლო" უწოდა. 

მსგავსი სიახლეები