ხელისუფლების შესაძლო კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან - პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება
ოპოზიციური პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის ინიციატივა დააარეგისტრირეს. დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს მთავრობის რუსეთთან კავშირები უნდა გამოიძიოს, ხელს 51 დეპუტატი აწერს.
სულ მცირე, 50 დეპუტატის ხელმოწერა საკმარისია იმისთვის, რომ პარტიებმა სახელისუფლებო გუნდის ნების გარეშეც დაიბარონ მაღალჩინოსნები და მათგან მიიღონ პასუხები, თუ რა მიზნით შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი ეფესბეს მაღალჩინოსნებს.
დეპუტატები აპირებენ, საჯარო ჩვენება მოითხოვონ ბიძინა ივანიშვილისგანაც, რომელიც ვალდებულია, დაბარების შემთხვევაში პარლამენტში მივიდეს და საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხი გასცეს.
პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს საკითხი კენჭისყრაზე უნდა დადგეს, პლენარულ სხდომაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეპუტატი, რომელმაც ხელი მოაწერა ინიციატივას, მოვიდეს სხდომაზე და კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს.
რა უნდა გამოიკვლიოს კომისიამ? რაც ჩვენ ვნახეთ, იკვეთება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის უხეში ხელყოფა მაღალი თანამდებობის პირების მიერ. ამიტომაც კომისიამ ყველა ის ფაქტები უნდა შეისწავლოს, რაც ჩვენ საჯარო სივრცეში მოვისმინეთ, და დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.
რა თქმა უნდა, კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, პასუხისგებაში მისცეს ესა თუ ის პირი, მაგრამ ის დაადგენს დანაშაულის შემადგენლობის ფაქტებს, იკვეთება თუ არა დანაშაული.
რადგან საგამოძიებო უწყებები ქვეყანაში ვერ მუშაობენ, საგამოძიებო კომისიამ პარლამენტში უნდა იტვირთოს ეს მძიმე მისია, რამდენად ჰქონდა ადგილი კანონის დარღვევას. - აცხადებს ფრაქცია ,,ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი.
ხელსიუფლების შესაძლო კავშირები რუსეთის სპეცსამსახურებთან - ,,ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეფს - ალექსეი ბორტნიკოვს, მინიმუმ 2-ჯერ შეხვდა.
,,შაბათის ეთერის" სკანდალური რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მინიმუმ ორჯერ - ერთხელ ვლადიკავკაზში და მეორედ რუსეთში შეხვდა. გომელაურმა საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში მასპინძლობდა რუსული ეფ ეს ბეს ორ ხელმძღვანელს - სედოვსა და ბესედას.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს საიდუმლო შეხვედრების ამბავი სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე სამხარაძემ, უამბო, მოლაპარაკების დეტალები კი, იოსებ გოგაშვილმა.
სუსის ყოფილი შეფის მტკიცებით, ბორტნიკოვმა და გომელაურმა რუსეთიდან საქართველოს გავლით, კონტრაბანდული და აკრძალული ტვირთების გავლის მარშრუტი შეათანხმეს.