კეზერაშვილზე შეტევა არასწორია, ისრების გადატანას ემსახურება - ხაბეიშვილი მელიას აკრიტიკებს

22.09.22 15:47
კეზერაშვილზე შეტევა არასწორია, ისრების გადატანას ემსახურება - ხაბეიშვილი მელიას აკრიტიკებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, კეზერაშვილზე შეტევა არასწორია და ისრების გადატანას ემსახურება.

ოპოზიციური ტელევიზიის დამფუძნებელზე შეტევა ჩემი აზრით, არასწორია. ეს არის ისრების გადატანა, რაზეც გულწრფელად ვწუხვარ. თუმცა დამატებითი დეტალები მათ შორის, ვფიქრობ, ნიკა მელიამ უნდა განმარტოს, იმიტომ რომ, ის არის მისი პირადი აზრი. ცხადია, ამის უფლება აქვს ხომ? ბიძინა ივანიშვილის პარტიაშია მხოლოდ ისე, რომ ყველას ერთი აზრი აქვს. ჩვენს პარტიაში ყველას განსხვავებული პოზიციები აქვს. ჩემი პოზიცია არის შემდეგი, ერთი მტერი ჰყავს ამ ქვეყანას და ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. კეზერაშვილთან დაკავშირებით ერთი რამ შემიძლია თამამად გითხრათ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ეს კაცი მოხსენიებულია, როგორც პოლიტიკური დევნილი“. - ამბობს ხაბეიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ  თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

მე ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მაქვს, არც მექნება და მიმაჩნია, რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან ეს ადამიანი, მით უკეთესი იქნება მისთვის პირადად, ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის და, მით უფრო, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესისთვის“, - განაცხადა მელიამ  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

 

მსგავსი სიახლეები