ვინ იქნება ნინო ლომჯარიას შემცვლელი?- მესამე სექტორი დღეს გადაწყვეტს, ვის დაუჭერს მხარს ომბუდსმენის პოსტზე
ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას? - სამოქალაქო საზოგადოება სახალხო დამცველის შესარჩევ კანდიდატურებზე კონსულტაციებს განაგრძობს. შერჩევის პროცესში 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას, იყო რამდენიმე დახურული შეხვედრაც, თუმცა საბოლოო ვარიანტზე ჯერ-ჯერობით შეჯერებული არ არიან.
ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი ადვოკატი მარიკა არევაძეა. მან საკუთარი კანდიდატურა დღეს დაარეგისტრირა.
მივმართე საქართველოს პარლამენტს განაცხადით, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია, ვინაიდან მომივიდა დასტური რეგისტრაციის შესახებ.
ჩემი პროფესიული საქმიანობა მთლიანად ეთმობა სწორედ ადამიანის უფლებებს, მათ დაცვაზე ზრუნვას და ვფიქრობ, სახალხო დამცველის მანდატი მე მომცემს შესაძლებლობას, უფრო კარგად ვიზრუნო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და განვითარებაზე.
მე ვგეგმავ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებთან შეხვედრას, რათა მათ ჩემი ხედვები გავაცნო. - აცხადებს მარიკა არევაძე.
დღეს 19 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბებიან ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში, სადაც სავარაუდოდ, გაირკვევა, ვის დაუჭერს მხარს მესამე სექტორი.