მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან - დეკანოზის ძმა
"მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე"- ასე აფასებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა.
გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, მსჯავრდებულის მდგომარეობა არის უმძიმესია და მისი პატიმრობაში დატოვებით შესაძლოა დადგეს უმძიმესი შედეგი.
პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გულით და გულწრფელად გაუხარდა ჩვენი დღევანდელი წარმატება!
ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემ ძმას, ჩვენს ოჯახს, აბსოლუტურად ყველა ადვოკატს, რომლებიც საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ მამა გიორგი მამალაძის საქმეში, ჟურნალისტებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს.
მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა არის უმძიმესი! მისი პატიმრობაში დატოვებით შესაძლოა დადგეს უმძიმესი, ლეტალური შედეგიც კი! ეს კი არც სახელმწიფომ და არც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას!"- თქვა მამალაძემ.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.
სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.