პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობით, “დემოკრატია გაძლიერდება“
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობით, “ქვეყანაში დემოკრატია გაძლიერდება.“
მისი თქმით, “კონსტიტუციის მტერი პარტიებისთვის ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის’’.
„18 პარტიაა აკრძალული ბოლო 4 წელიწადში უკრაინაში, 2 პარტია არის აკრძალული ბოლო 3 წელიწადში მოლდოვაში. ასე რომ, ეს არაფერ კავშირში არაა იმ მუქარებთან, რაც გვესმის ზოგი აქტორის მხრიდან. პარტია, რომელიც ანტიკონსტიტუციურია თავისი არსით, პარტია, რომელიც არის კონსტიტუციის მტერი, მისი ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. ეს არის წესი, რომელიც მოქმედებს ყველგან: უკრაინაშიც, მოლდოვაშიც, გერმანიაშიც და, შესაბამისად, მოქმედებს საქართველოშიც. არანაირი კავშირი პარტიის აკრძალვის პროცესს არ აქვს დემოკრატიის შესუსტებასთან, პირიქით ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ვინაიდან მთელი არსი ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვისა არის იმაში, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს თავდაცვის უნარი და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ კონსტიტუციისა და დემოკრატიის მტრები არ იყვნენ პოლიტიკურ ლანდშაფტში.
მე მგონი, IRI-ის და კვლევების ნახვის შემდეგ, „ნაცებმა“ და სხვა პარტიებმა არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს საზოგადოებაში. ნახეს, ხომ, რაც არის მათი მხარდაჭერა. ერთმანეთზევე საუბრობენ, რომ ისინი აფერხებენ დემოკრატიულ პროცესს საქართველოში.
თუ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარწმუნო იქნება ის არგუმენტები, რაც ჩვენ სარჩელში გამოვიყენეთ და ანტიკონსტიტუციურად ცნობენ პარტიებს, ამით დემოკრატია მხოლოდ გაძლიერდება და საზოგადოება მხოლოდ მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს’’, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.