წულუკიანის ვარაუდით, "ევროპარლამენტის ანგარიშით სტატუსზე უარის თქმის ნიადაგი შექმნეს"
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი ვარაუდით, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მხარდაჭერილი დოკუმენტი "ნაყოფიერი ნიადაგია" საქართველოსთვის ევროკაშირის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად.
"შეიძლება სპეკულაციებად მოინათლოს ჩემი მხრიდან, მაგრამ რადგან ჩემს აზრს მეკითხებით, ვარაუდს გაგანდობთ. მე უფრო ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, იმიტომ რომ მე ძალიან ყურადღებით წავიკითხე ეს დოკუმენტი დედანში და ასეთი განცდა დამრჩა, რომ რაკი ქართული ოცნება, მოდით ასე დავარქვათ - ეს ოხერი ქართული ოცნება, რომელსაც ვერავინ ვერაფერი მოუხერხა, ათი წელი გავიდა და 25 ოქტომბერს შესრულდა 10 წელი ზუსტად, რაც ქართულ ოცნებას ჰყავს თავისი მთავრობა უწყვეტად, ვერაფერი მოუხერხეს. რაკი ვერაფერი მოუხერხეს, ახლა რაღაც სხვა ხერხები უნდა გამოვიგონოთ ალბათ, თან ვხედავთ რომ ეს ქართული ოცნებები სხედან პარლამენტში და თავი არ აუწევიათ, მუშაობენ და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ტექნიკურად, ანუ ქაღალდზე და კანონსა და პრაქტიკაში ეს 12 რეკომენდაცია ამათმა შეასრულონ, ისე აიწყვიტეს, რომ შეასრულებენ და მოდი ახლა გამოვუშვათ ტექსტი, რომელიც შექმნის ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მერე თუ დაგვჭირდა ვთქვათ უარი, ვარაუდია ეს ჩემი". - თქვა "იმედის" ეთერში მინისტრმა.