როგორ ახშობს პროტესტს "ქართული ოცნება" - ჟურნალისტური გამოძიება

12.11.22 19:40
როგორ ახშობს პროტესტს "ქართული ოცნება" - ჟურნალისტური გამოძიება

"შავებით, თეთრებით, ყველა მხრიდან უნდა ვეცადოთ ამათ განეიტრალებას" - როგორ ახშობს ხელისუფლება პროტესტს ქვეყანაში? 

"ნოდარ მელაძის შაბათი" ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას ასაჯაროებს - "ტვ პირველის" გუნდს სპეცსამსახურებიდან საიდუმლო ფაილები გადასცეს, რომლის გაშიფვრის შემდეგ ირკვევა, რომ 2020 წლის ნოემბერში საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო, ქუჩაში გამოსული ხალხი, სადღეღამისო აქციების რეჟიმში რომ არ გადასულიყო, სუს-მა მთელს თბილისში ყველა მაღაზიას კარვების და საძილე ტომრების  გაყიდვა აუკრძალა.

მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მეველის 20 ნომერში, მონკავშირის მაღაზიაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს, უფროსის მოადგილე, ავთანდილ დევნოზაშვილი პირადად მივიდა. მას ოჯახური კავშირები უნდა გამოეყენებინა, რომ მაღაზიები დახლებიდან კარვები გამქრალიყო.

დოკუმენტების თანახმად, საიდუმლო სამსახური ლამის კარდაკარ ეძებდა ოჯახებს, ვისაც შეიძლებოდა კარავი სახლში ჰქონოდა, რომ ის აქციის მონაწილეებისთვის არ მიეცათ, ემუქრებოდნენ რომ ამის გამო "შარში" აღმოჩნდებოდნენ.

გარდა ამისა,  "შაბათის ეთერის" ხელშია, 2020 წლის 15 ივნისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის, პაპუნა ფარცვანიას მიერ ჰიპერმარკეტ "დომინოში" გადაღებული ვიდეოც. ეს უკანასკნელი სამოქალაქო აქტივისტ ნათია ლეთოდიანს ე.წ. პულივიზატორი საღებავის შეძენის მომენტში უღებს. 

ეს ყველაფერი არ არის, ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობის დროს, "შაბათის ეთერის" გუნდმა ადამიანებზე თვალთვალის წარმოუდგენელი მასშტაბი აღმოაჩინა. ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყველაზე მეტად მღვდლების ეშინია - ილია მართლის სახელობის ტაძრის დეკანოზი მამა სამუელ ზვიადაური, 2021 წლის 20 აპრილს, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე, მიკროავტობუსით თბილისიდან მრევლთან ერთად წავიდა, სუსში გაიცა ბრძანება რომ მღვდელი უნდა შეეჩერებინათ. 

ყველაზე მნიშვნელოვანი, მამა სამუელზე მომზადებული ოპერატიული ცნობის შემდეგ გაცემული დავალებაა - სამმართველოს უფროსი მიხეილ ტურაბელიძე  მღვდლის გასაჩუმებლად კომპრომატების ამოქექვის ბრძანებას იძლევა, რომ მამა სამუელი აქციებზე აღარასდოს გამოჩნდეს.

დოკუმენტებით, ფოტო, ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებით, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, დგინდება, რომ სუსი ნებისმიერი აქციის მონაწილის წინააღმდეგ მთელს საიდუმლო ოპერაციას გეგმავს, რომ ადამიანებს ქუჩაში პროტესტით გასვლის სურვილი დაეკარგოს, თუ პირდაპირი დაშინება არ ჭრის საქმეში ნათესავებს და ძმაკაცებს რთავენ. 

სუს-ის სამიზნე, იყვნენ "გლოვოს" კურიერებიც. საიდუმლო სამსახურის ოპერატიული ცნობების მიხედვით,  გაიცა ბრძანება, რომ მიტანის სერვისის ყველა ის კურიერი, ვინც აქციაზე დადის უნდა გააჩუმონ, სიაში მოხვდა ირაკლი მილაძე. "გლოვოს" კურიერს აქციებში მონაწილეობის გამო ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს. 

სასტუმროს მფლობელს, სოფო ჩიხელიძეს, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 23 მაისს, ნამოხვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე დასწრების მსურველებს 50% ფასდაკლებით მოემსახურებოდა, სასტუმრი დაუყადაღეს. 

პროტესტის ჩახშობის ანატომია საქართველოში - ვრცლად ნახეთ მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება

 

მსგავსი სიახლეები