"გარდაცვლილი აურჩევიათ" - ზარქუა აშშ-ის არჩევნებზე

14.11.22 11:06
"გარდაცვლილი აურჩევიათ" - ზარქუა აშშ-ის არჩევნებზე

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აშშ-ში მიმდინარე არჩევნებს აკრიტიკებს. მეტიც, მმართვალი პარტიის ლიდერი შეერთებულ შტატებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების დროულად შესრულებისკენ მოუწოდა.

სიმართლე გითხრათ, ცოტა გაოცებული ვარ, მსუბუქად რომ ვთქვა, ის, რასაც ჩვენ ვისმენთ. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა არჩევნები აშშ-ში. ჩვენ გვაინტერესებს იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან და იქ რაც ეუთო ოდირის დასკვნა მოვისმინეთ და ჩანაწერი - სადაც არის პოლარიზაცია, სადაც არის მოსყიდვა, სადაც არის დაშინება, სადაც, რაღა შორს წავიდეთ, გარდაცვლილი ადამიანი აურჩევიათ, ნუ, არ ვიცი, ეს თუ სიმართლეა, ჩვენთან, ქე მაინც, გარდაცვლილები ხმას აძლევენო და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ. შემაშფოთებელია და მე, რა ვიცი, თუ არის საშუალება, ალბათ დავგმობდი ასეთ..."- თქვა დეპუტატმა "იმედის" ეთერში. 

ცნობისთვის, პენსილვანიის შტატში შუალედურ არჩევნებზე დემოკრატმა ენტონი დელუკამ ხმების 85%-ზე მეტი მოიპოვა, თუმცა ის ერთი თვის წინ, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა. 

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ბიულეტენები 28 სექტემბერს დაიბეჭდა, ხოლო 85 წლის დელუკა, ბიულეტენების დაბეჭდვის შემდეგ, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა, შესაბამისად, კანდიდატის ჩანაცვლება ვერ მოხერხდებოდა.  ფაქტი არჩევნების გაყალბებას არანაირად უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები