არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც დაემშვიდობება ევროპულ მომავალს, რადგან ეს სურს ივანიშვილს - ხოშტარია
,,ქართულმა ოცნებამ" ჩიხამდე მიიყვანა ჩვენი ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ამას შეეგუება - ამის შესახებ ,,დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.
ელენე ხოშტარია შეეხო ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს შესახებ. კერძოდ კი, ფაქტს, როცა ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე იყო საუბარი.
ევროპარლამენტარები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, გუშინ საუბრობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლეს, პოლიტპატიმრის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ამაზე საუბრობდნენ დასაბუთებულად, საერთაშორისო მედიკოსებისა და სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე.
ჩვენ მოვისმინეთ ხაზგასმა, რომ ჩვენს დასავლელ მეგობრებს სურთ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამ წევრობას აქვს კონკრეტული მოთხოვნები.
ერთ-ერთი მოთხოვნა-სასამართლოს დამოუკიდებლობა, პირდაპირ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებთან.
ჩვენ მოვისმინეთ, რომ დღეს აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ოპერაცია, რისთვისაც ის გადაყვანილ უნდა იქნას საზღვარგარეთ.
ევროპარლამენტში პირდაპირ ითქვა, რომ საქართველოში სასამართლო არა თუ იცავს, არამედ, ადამიანს უქმნის სიცოცხლის საფრთხეს.
იყო კონკრეტული სამართლებრივი მუხლების მოხსენიებაც 283-ე , რომელიც ითვალისწინებს ამ მდგოიმარეობაში მყოფი ადამიანის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა დგას საასწორზე.
საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ,,ოცნებამ" ჩიხამდე მიიყვანა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. დღეს გამოსავალი არის ერთადერთი, მოვახდინოთ ზეწოლა, გავაგებინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ადამიანს ციხეში კლავს.
ცალკე მინდა, გამოვყო პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. ის საზღვარგარეთ არაერთ ადგილას საუბრობს ევროპული პერსპექტივის ერთგულებაზე და მის სურვილზე, საქართველომ ეს პერსპექტივა განახორციელოს. ამასთან, გუშინ მას პირდაპირ მიმართეს ევროპარლამენტარებმა და შეახსენეს, რომ მას გააჩნია ინსტრუმენტი ამ პერსპექტივაზე კონკრეტული ბარიერის მოხსნისთვის. არ ვლაპარაკობ იმ მორალურ ვალდებულებაზე, რომ ადამიანი არ მოკვდეს ციხეში. აგრეთვე, ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც დაემშვიდობება ჩვენს ევროპულ მომავალს, რადგან სახელმწიფოს მიმტაცებელ ბიძინა ივანიშვილს ეს ასე სურს - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.