ევროკავშირი პრეზიდენტის მკვლელ ხალხს არ ელოდება - ხაბეიშვილი "ოცნებას"
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ ევროკავშირი პრეზიდენტის მკვლელ ხალხს არ ელოდება.
ხაბეიშვილმა, ასევე ყურადღება გაამახვილა მოსმენების საკითხზე და თქვა, რომ სჯაროზე გამოვიდა მტკიცებულებები, რომ უსმენენ მამაოებს, პედაგოგებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს.
ოპოზიციონერი ლიდერი ასევე ამბობს, რომ "ოცნებამ" მთელი მისი მოღვაწეობა ხალხის ძარცვას და ტყეების მისაკუთრება-გადახურვას მოანდომა.
„ეს წელიც, როგორც წინა 9 წელი, მოანდომეთ ხალხის ძარცვას, თქვენი ჯიბეების გასქელებას, გამდიდრებას, დაიწყეთ ღარიბაშვილის ტყის ჩუქებით, გააგრძელეთ ევტუშენკოვი-ხიდაშელისთვის რაჭის გადაცემით, ამასობაში ნარმანიაც წამოგეწიათ და მოითხოვა საბადურის ტყე დაესაკუთრებინა. რუსმა ოლიგარქმა საერთოდ რეკორდი მოხსნა და ტყე არათუ მიიერთა, ან გაიფორმა, არამედ გადახურა.
ამასობაში, დაიდო მტკიცებულებები, რომ უსმენთ მამაოებს, პედაგოგებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს. სხვათა შორის, თქვენივე ყოფილი ჩინოვნიკი გამხელთ ამ ყველაფერში. არამარტო პედაგოგებს, მამაოებს, ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, ამასობაში ერთმანეთსაც უსმენთ. თქვენივე ჩინოვნიკმა გამხილათ მუხთარლის საქმეში და დაგადოთ ხელი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულში. მან გამხილათ, რომ რუს გენერლებს საქართველოში ფარულად, ჩუმად მასპინძლობთ - ბორტნიკოვებს და საქართველოს სახელმწიფოს მტრებს.
ევროკავშირმა კარები გაგვიხსნა და თქვენ და ბიძინა გაეჩხირეთ ქართველ ხალხს კარებში და ფაქტობრივად გვეჭიდავებით, რომ ევროკავშირში არ მიგვიღონ, სტატუსი არ მოგვცენ. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი პრეზიდენტის მკვლელ ხალხს არ ელოდება. ისინი ელოდებიან ცივილურ ადამიანებს, რომლებიც პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ციხეში არ კლავენ. ამასობაში, პოლიტიკური ნიშნით, ცხადია, გამოიგონეთ ბოდვა და ნიკა გვარამია დააკავეთ უპრეცედენტო, არაამქვეყნიური ბრალდებით, ჯერ რომ არავინ დაუკავებიათ, რომ მის მეუღლეს თურმე ავტომობილი ათხოვა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.