ხელისუფლებამ იცის, რომ სააკაშვილის კადრების ხელმისაწვდომობით მის მიმართ სოლიდარობა უფრო გაიზრდება - ნიკა მელია

14.12.22 12:35
ხელისუფლებამ  იცის, რომ სააკაშვილის კადრების ხელმისაწვდომობით მის მიმართ სოლიდარობა უფრო გაიზრდება - ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმიანება, სადაც პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტის დისტანციურად ჩართვა ვერ უზრუნველყო.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ სურს მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებისთვის ჩვენება, რადგან ეს ფაქტი მის მიმართ სოლიდარობას კიდევ უფრო გაზრდის.

ხელისუფლება არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის - ამბობს ნიკა მელია.

 ან გამოაქვთ სასიკვდილო განაჩენი, ან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად დასრულდეს. ძალიან ცუდი, რომ სააკაშვილის პროცესი გადაიდო, რადგან აქ არ არის პროცესი, სადაც მტყუან-მართალი უნდა გაირჩეს. აქ ან უნდა გადარჩეს ადამიანის სიცოცხლე, ან პირიქით, რბილად რომ ვთქვათ, ეს ადამიანი უნდა შემოგვაკვდეს ხელში. აქ თვითოეული დღე მნიშვნელოვანია. 

ხელისუფლებამ იცის, თუ საზოგადოებისთვის სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა ხელმისაწვდომი იქნება,  მის მიმართ სოლიდარობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ დაემუქრა ბატონი ბრეგაძე რაღაც კადრების გამოქვეყნებით, რომ თითქოს სააკაშვილი სიმულირებს.  თუმცა ეს ყველაფერი დეტალებია და რატომ ვწვრილმანდებით? 

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დროს ვის ახსოვს, ვინ იყო იუსტიციის მინისტრი? ღმერთმა დაიფაროს და ასე იქნება, არავის ემახსოვრება რატი ბრეგაძე. ნაკლებად გაიხსენებენ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებს. მთავარი, ღმერთმა დაიფაროს, დარჩება ისტორიას. 

ანუ ბრეგაძე თავის განცხადებით მიხეილ სააკაშვილს კი არ ებრძვის, ამ სახელმწიფოებრიობის სიცოცხლისუნარიანობას ებრძვის.- - განაცხადა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილის პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო. პენიტენციურმა სამსახურმა ტექნიკური მიზეზების გამო მესამე4 პრეზიდენტის ვიდეო ჩართვა ვერ უზრუნველყო. 

მსგავსი სიახლეები