"ევროპარლამენტის ტრიბუნიდან დეზინფორმაცია გავრცელდა" - პაპუაშვილის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე

14.12.22 13:33
"ევროპარლამენტის ტრიბუნიდან დეზინფორმაცია გავრცელდა" - პაპუაშვილის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე

ევროპარლამენტარების კრიტიკას "ქართული ოცნება" ისევ თავდასხმებით პასუხობს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპარლამენტარებს რეალურად არა საქარტელოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების ინტერესი აქვთ. მისი თქმით, ევროდეპუტატების განცხადებები აზრს მოკლებული იყო და ტრიბუნიდან მხოლოდ დეზინფორმაცია გავრცელდა. 

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის კანონიერ პატიმრობასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს. 

ვხედავთ, რომ არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა ევროპარლამენტში, რომელიც არის თვითგამოცხადებული მეგობრები საქართველოსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ გარდა ერთისა: დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. სინამდვილეში, ეს არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომელიც არ არის საქართველოს მეგობარი, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. ჩვენ ვიხილეთ გუშინ ევროპარლამენტის დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლება არის მიტაცებული. არანაირი კავშირი ამ პოლიტიკოსებს ევროპულ პოლიტიკასთან, სამწუხაროდ, არ აქვს. არავინ აღარ ახსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის თითქოს უკანონოდ დაკავებული, პოლიტპატიმარი და ა.შ. ეს თემა დახურულია. მიხეილ სააკაშილის იხდის კანონიერ სასჯელს, - თქვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები