,,ე.წ. ევროპარლამენტარები" - "ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორებზე
ეგრეთ წოდებული ევროპარლამენტარები, ეს ვაჟბატონები და ქალბატონები - ასე მოიხსენიებს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გია ცაგარეიშვილი, ევროპის უმაღლესი საკანონმდებო ორგანოს დეპუტატებს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღეს.
ცაგარეიშვილი ამტკიცებს, რომ ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს ,,ყურით მოთრეული ინფორმაციებით" კვებავენ.
ამ ადამიანებს ნაბიჯ-ნაბიჯ, ყურით მოთრეული ინფორმაციებით ქვეყნის შიგნით კვებავენ და შემდეგ აღებინებენ ამგვარ გადაწყვეტილებებს, რეზოლუციებს.
მისამართი ეშლებათ-ხოლმე, როცა ჩვენსკენ ისრებს ისვრიან, მათ შორის, ე.წ. ევროპარლამენტარები. მე ვერ გამოვუშვებ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან, სადაც მისი ადგილია.
ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა, ევროპარლამენტარებმა, მისმა ლობისტებმა და გულშემატკივრებმა, მოიკითხონ ის ადამიანები ამ ქვეყანაში, ვინც ამ კრიმინალი და ავაზაკი ადამიანის ქმედებებით გაუბედურდა. არ სცხვენიათ, უბრალოდ მაინტერესებს. - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.