ის, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი, საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა - ბურჭულაძე
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და მათი მხრიდან სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნა ქართველი ხალხის საწინააღმდეგო ნარატივია.
მინისტრის თქმით, საქართველო იმის გამო არ უნდა დაისაჯოს, რომ სადისტური რეჟიმი მოიშორა.
მე ვთხოვ ყველას ევროკავშირში, ნუ მიიღებენ საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის საწინააღმდეგო ნარატივი და არ შეიძლება, ასე მოხდეს.
პირადად მე ვამბობ და ბევრი თანამოაზრე მყავს, თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.