ივანიშვილის მეგობრის, ვიქტორ ჯაფარიძის გამდიდრების გზა - რამდენი მილიონი მისცეს დეპუტატის ოჯახს ბიუჯეტიდან
ბიძინა ივანიშვილის მეგობრის, ვიქტორ ჯაფარიძის გამდიდრების გზა - "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რამდენი მილიონი მისცეს მდუმარე დეპუტატის ოჯახს ბიუჯეტიდან.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახის წევრები 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები ან მფლობელები არიან. ჯაფარიძემ ბიზნესი ოჯახის წევრებზე, ცოლსა და შვილებზე მას შემდეგ გადააფორმა, რაც საპარლამენტო მანდატი მიიღო.
დადგენილია, რომ დეპუტატის ოჯახის სახელზე გადაფორმებულმა კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონ 775 ათას 565 ლარი წაიღეს. ეს თანხა დეპუტატის ვაჟის, ოთარ ჯაფარიძის სახელზე გაფორმებული კომპანიების ანგარიშებზე გადაირიცხა. ეს მხოლოდ მოგებული ტენდერიდან მიღებული ფულია, ოთარ ჯაფარიძემ საჯარო უწყებებიდან 86 ათას 189 ლარის ღირებულების სამი გამარტივებული შესყიდვაც მიიღო.
კომპანია "ექსპერტ ჰაუსის"-ის მფლობელიც ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, ოთარ ჯაფარიძეა. სატენდერო დოკუმენტებში წერია, რომ კომპანიის მიერ მოგებული ტენდერის ღირებულებამ მილიონ 651 ათას 933 ლარი შეადგინა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, "ექსპერტ ჰაუსმა" სამი გამარტივებული შესყიდვაც მიიღო. კონტრაქტები ჯაფარიძის კომპანიას ამ შემთხვევაში რუსთავის, ზუგდიდის და ყვარლის მუნიციპალიტეტებმა გაუფორმეს.
3 მილიონ 188 თას 800 ლარი მიიღო "ტობ კონტრაქშენმა", სადაც დეპუტატის ვაჟი წილი 50%-ს ფლობს.
ჯაფარიძის ოჯახის საკუთრებაშია ჰესების ბიზნესიც - ახლა ის დეპუტატის ცოლის სახელზეა. ნათია ხვისტანი შპს "ქცია-94-ს" ფლობს და "შპს სეტი+" -ის წილებს მართავს. კომპანიას 36 გამარტივებული შესყიდვა აქვს - 692 ათას 145 ლარი ჯაფარიძეს მესტიის მერიამ, მესტიის გამგეობამ, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ, ეროვნულმა მუზეუმმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაურიცხეს.
ირკვევა, რომ შპს "სეტი პლუსმა" ნახევარ მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოდანაც მიიღო. პირველი სუბსიდია 227 ათას 283 ლარი, ჯაფარიძის ანგარიშზე მისივე თანაგუნდელებმა კომპანიის რეგისტრაციიდან 12 დღეში ჩარიცხეს.