ოპოზიციას მოვუწოდებ, შეწყვიტონ ზეწოლა და ხელის შეშლა სააკაშვილის ექიმებზე - თალაკვაძე

22.12.22 13:56
ოპოზიციას მოვუწოდებ, შეწყვიტონ ზეწოლა და ხელის შეშლა სააკაშვილის ექიმებზე - თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ ზეწოლა და ხელის შეშლა ექიმებისთვის რომ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.

"ოცნების" ლიდერის განცხადებით, მნიშვნელოვანია მესამე პრეზიდენტმა ითანამშრომლოს ექიმებთან.

„სასამართლო პროცესი არანაირად არ უშლის ხელს და არ აფერხებს სამედიცინო მომსახურების მიწოდებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროცესს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ითანამშრომლოს ექიმებთან, შეასრულოს ის დანიშნულება და რეკომენდაციები, რომლებიც კვებასა და მკურნალობას უკავშირდება. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს და თითოეულ ადამიანს, ვინც პატიმრობაში იმყოფება, ვუსურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მის კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ შეწყვიტონ ზეწოლა, ხელის შეშლა ექიმებისთვის, რომ მას აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო მომსახურება, რისთვისაც სახელმწიფო სრულ მზადყოფნას გამოხატავს.

ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტსა და ექიმებს შორის სრულფასოვანი თანამშრომლობა. სახელმწიფო სრულ მზადყოფნას გამოხატავს, რომ მიაწოდოს ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება, ჩამოიყვანოს ექიმები, ჩართოს დამატებითი რესურსები, რაზეც იუსტიციის მინისტრმა არაერთხელ გააკეთა საჯარო შეთავაზება“, - განაცხადა თალაკვაძემ.