მელიას და ხაბეიშვილის გულწრფელობის სააკაშვილის ოჯახსაც კი აღარ სჯერა - თალაკვაძე

22.12.22 14:10
მელიას და ხაბეიშვილის გულწრფელობის სააკაშვილის ოჯახსაც კი აღარ სჯერა - თალაკვაძე

არჩლ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის, ასევე სხვა ოპოზიციონერი ლიდერების გულწრფელობის სააკაშვილის ოჯახის წევრებსაც კი აღარ სჯერათ.

"ოცნების" ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ნიკა მელიაც და ლევან ხაბეიშვილიც მესამე პრეზიდენტზე გაკეთებულ განცხადებებს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ და ერთმანეთს უმტკიცებენ ვინ უფრო მეტად თანაუგრძნობს მიხეილ სააკაშვილს. 

„არც მე და არც საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა, რომ მელიას, ხაბეიშვილს თუ ნებისმიერ სხვას, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით თანამდებობისთვის, გავლენებისთვის და არალეგალური დაფინანსების განაწილებისთვის იბრძვის, რეალურად აინტერესებს, რომელიმე პატიმრის ან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის მათი მხრიდან უბრალოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ისინი ემუქრებოდნენ ქვეყანას რიგგარეშე არჩევნებით, მიიღეს რიგგარეშე არჩევნები პარტიის შიგნით და სწორედ ამ პროცესში არიან ახლა, როდესაც ერთმანეთს უმტკიცებენ, ვის უფრო მეტად აინტერესებს და ვინ უფრო მეტად თანაუგრძნობს მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილის ოჯახსაც კი არ სჯერა მათი განცხადებებისა და მათი გულწრფელი თანადგომის, ამიტომ, ამით ყველაფერი ნათქვამია“,- განაცხადა თალაკვაძემ.