ენმ-ს პარტიულ არჩევნებში მხოლოდ 2 დღეში 7 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა
მაღალი ინტერესი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების მიმართ. პარტიულ არჩევნებში მხოლოდ ორ დღეში შვიდი ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, რაც რეკორდული მონაცემებია, რადგან წინა არჩევნებში მონაწილეობა სულ ოცდაერთი ათასმა ამომრჩეველმა მიიღო. წინ რეგისტრაციის კიდევ ათი დღეა და თუ ამ ტემპით გაგრძელდება ამომრჩეველთა რიცხვმა შესაძლოა 50 ათასს გადააჭარბოს.
მოლოდინი როგორც იცით, დიდი იყო ამ არჩევნების მიმართ და საერთოდ არ გამკვირვებია ასეთი მაღალი აქტივობა, ამომრჩევლების ასეთი მაღალი ციფრი რომ ფიქსირდება. აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველი დარეგისტრირდება, მე ვთხოვ, ამასთან დაკავშირებით ღელვისა და მით უმეტეს, განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოს!
ჩვენ ყველანი მოწადინებული ვართ, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
თავმჯდომარეობის კანდოდატი, გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ "ეს ციფრი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა სისტემა, რომელიც შეფერხებით მუშაობდა".
ველოდებით ამ სისტემის გამართვას. პრობლემები თუ არ აღმოიფხვრება, ძალიან ბევრ ჩვენს მხარდამჭერს არ მიეცემა საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რაც ავტომატურად პროცესის მიმართ უნდობლობას გაზრდის. - აცხადებს მუმლაძე
გიორგი ბოტკოველი ვარაუდობს, რომ ამომრჩეველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება:
ამომრჩევლების აქტიურობა მოულოდნელი ნამდვილად არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი დარეგისტრირდება და ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
,,ნაცმოძრაობის" წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება პარტია სამომავლოდ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემები არის, მაგრამ მის დასაძლევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
იმ კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელიც ამ პროცესს ახორციელებს, ყველა მხარის წარმომადგენელი მაქსიმალურ კოორდინაციაში უნდა ვიყოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პრობლემები გასწორდეს, რომელიც ხელს უშლის პროცესს. - ამბობს გიორგი ბოტკოველი.