არც ერთი სიტყვა, ზედმეტი, ან ნაკლები არ წაკითხულა - ელგუჯა ბაგრატიონის პასუხი მირდატ ქამადაძეს
აჭარის უმაღლესი სააბჭოს ფრაქცია ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი, ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, მირდატ ქამადაძის, ბრალდებებს "ტვ პირველთან" პასუხობს.
ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილის მისამართით მირდატ ქამადაძის მიერ გაგზავნილი წერილი დამსწრე საზოგადოებას მან გააცნო, თუმცა მისი კონტექსტი არ დაუმახინჯებია.
ელგუჯა ბაგრატიონი ირწმუნება, რომ აღნიშნული წერილი მასთან მოხვდა იმ ჩატიდან, რომელშიც მირდატ ქამადაძეც არის და სწორედ ქამადაძემ ჩააგდო ჩატში წერილის ე.წ. სქრინები.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩვენს პარტიაში, გუნდში დამალული არაფერი ხდება. სხავათა შორის, მირდატს მინდა შევახსენო, ეს წერილი, რომელზეც საუბრობს, თვითონ ჩააგდო ჩატებში, შესაბამისად, თვითონ გაასაჯაროვა... ყველა პარტიას გააჩნია სამუშაო ჩატი, რომელშიც ქამადაძემ თვითონ ჩააგდო წერილი.
მინდა ვუთხრა, არც ერთი სიტყვა კი არა, არც ერთი ასო ზედმეტი, ან ნაკლები არ წაკითხულა. გულწრფელად მწყდება გული ჩემს მეგობრებზე - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილმა მას ლევან ხაბეიშვილის მხარდაჭერა სთხოვა, რაზეც მან უარი წერილობით განუცხადა, ხოლო ელგუჯა ბაგრატიონმა შეხვედრაზე პარტაქტივს აღნიშნული წერილი დამახინჯებული ფორმით წარმოუდგინა, თითქოს, მირდატ ქამადაძე ლევან ხაბეიშვილის მხარდაჭერას აპირებდა.