ნეპოტიზმი სასამართლოში - სისტემაში მოსამართლეები ოჯახის წევრებს ასაქმებენ
ნეპოტიზმი სასამართლოში - მოსამართლეების ოჯახის წევრების დიდი ნაწილი სასამართლოშია დასაქმებული. საგანგაშო მონაცემებს ორგანიზაცია “აი დი ეფ აი„ ავრცელებს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 90-დან 60 შემთხვევაში მოსამართლეების ოჯახის წევრები სისტემაში ან დაასაქმეს, ან დააწინაურეს. ნეპოტიზმის სავარუდო ფაქტები იკვეთება როგორც თბილისის, ასევე რეგიონების თითქმის ყველა ინსტანციაში.
90 მოსამართლის დეკლარაციაში 2021 წლის მონაცემებით ფიქსირდება ოჯახის წევრი, მაგალითად მეუღლე, შვილი ან და. ის 90 მოსამართლე, რომლის დეკლარაციაშიც ფიქსირდება ოჯახის წევრი, 60-მდე მოსამართლის ოჯახის წვერი თავად სასამართლოშია დასაქმებული და კვლევაში გამოკვეთილია ისეთი ქეისებიც, სადაც მოსამართლის დანიშვნის შემდეგ დაინიშნა ოჯახის წევრი, ან იმავე სასამართლოში მოხდა როტაცია, გადავიდა იმავე სასამართლოში, სადაც მოსამართლე დაინიშნა და ა.შ", - ამბობენ “აი დი ეფ აი„-ში.
იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი "პირველებთან" ასახელებს იმ მოსამართლეს, რომლის მეუღლეც სასამართლოშია დასაქმებული და ამბობს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ირაკლი ბონდარენკოს, მეუღლე 2020 წლიდან საქალაქო სასამართლოში მუშაობს.
ბონდარენკო "პირველებთან" ფაქტს ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის მეუღლეს მასზე ნაკლები კარიერა სულაც არ აქვს იურიდიულ საქმიანობაში.
ჩემს მეუღლეს საკმაოდ დიდი სამსახურეობრივი გამოცდილება აქვს. ბევრი წელი მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში. შესაბამისად, ჩვენ არ გვჭირდება თავის მართლება. შეგიძლიათ, მოიკვლიოთ ჩემი მეუღლის ბიოგრაფია, მისი სამუშაო გამოცდილება, ჩემზე ნაკლები კარიერა აქვს სხვათაშორის ჩემს მეუღლეს იურიდიულ საქმიანობაში“, - ამბობს მოსამართლე.