არ მაინტერესებს, ვინ რა ფუფუნების საგნებს იღებს - ხაბეიშვილი მელიაზე
ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, ირწმუნება, რომ არ აინტერესებს, ნიკა მელია საჩუქრად რა ფუფუნების საგნებს იღებს. მისი თქმით, მთავარი კითხვები ისევ კეზარაშვილის და ნაყოფიას შეხვედრას და ასევე, 2020 წლის არჩევნებს ეხება, როდესაც ენმ-ს მოქმედმა თავმჯდომარემ სააკაშვილის პრემირობის კანდიდატობას მხარი არ დაუჭირა.
ვინ რა ფუფუნების საგნებს ღებულობს, ან მერე ამას როგორ გამოიყენებს, ან რას აკეთებს, ეს არ არის ჩემი ინტერესის სფერო. მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის მომავალი, „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება.
კობა ნაყოფიამ თავად თქვა, რომ დავით კეზერაშვილს შეხვდა რამდენიმე კვირის წინ, თან ორჯერ. ამიტომ, საზოგადოებას ამაზე გასცენ პასუხი. თუ არაფორმალური მმართველობაო, თუ კობას გადადგომაო, ანუ რა ხდება მაშინ, რაზე საუბრობდა კობა და დავით კეზერაშვილი? ასევე, 2020 წელთან დაკავშირებით, როცა საუბარია, როცა ნიკა მელიას არ სურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ პრემიერობის კანდიდატად და არათუ არ სურდა, არამედ ის ღიად საუბრობდა, რომ თუ მიშა სააკაშვილი იქნებოდა პრემიერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის 5 ნომრით არ დადგებოდა გლდანში და მეტიც, წავიდოდა პარტიიდან. რა ავტომობილით გადაადგილდება, არც მაინტერესებს, რა საჩუქარი მიიღო-არ მიიღო, სად დააყენა, ეგ არ არის ჩემთვის საინტერესო, - თქვა ხაბეიშვილმა.
ენმ-ში მეორადი ავტომობილის სკანდალი ისევ აქტუალურია. გუშინ პარტიის თავმჯდომარემ დავით კეზერაშვილის მიერ გამოგზავნილი მანქანის შესახებ განმარტება გააკეთა.
ნიკა მელიას ინფორმაციით, დამატებითი ავტომობილის საჭიროება არ არსებობდა, როდესაც პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა უთხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში მეორადი მანქანა იყო, რომელიც დავით კეზერაშვილმა გამოგზავნა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ კეზერაშვილი შიდა პარტიულ პროცესებში ჩარევას ცდილობდა, მისთვის ავტომობილის დაბრუნება რამდენჯერმე სცადა.