ოპოზიციას კითხვები დაუგროვდა - ღარიბაშვილი პარლამენტში დაიბარეს
24 თებერვალს რუსთაველზე დაგეგმილი აქციის პარალელურად შესაძლოა, პარლამენტში პრემიერ- მინისტრი მივიდეს, თუმცა იქ ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი დახვდება. გახარიას გუნდი და დამოუკიდებელი დეპუტატები დღეს საკუთარი ინიციატივით გამოვიდნენ და ირაკლი ღარიბაშვილს საკანონმდებლო ორგანოში იბარებენ. კითხვები ოპოზიციას ბევრი დაუგროვდა. მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რა ეროვნული უსაფრთხოების გეგმა აქვს ხელისუფლებას და როდის ექნება ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების განახლებული დოკუმენტი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ქართული ოცნება უსაფრთხოების კონცეფციას არ იღებს რუსეთია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს რომ საქართველოს მტერი რუსეთია, რაც ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენელია.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დოკუმენტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, რაც უკრაინაში ომი დასრულდება, თუმცა ეს ოპოზიციისთვის სუსტი არგუმენტია, რადგან უკვე 10 წელია ქვეყანას უსაფრთხოების მთავარი დოკუმენტი არ გააჩნია.