"დაიცავით მიხეილ სააკაშვილის უფლებები" - კერი კენედი საქართველოს ხელისუფლებას
რობერტ კენედის სახელობის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის დირექტორი, კერი კენედი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას მესამე პრეზიდენტის უფლებები და შესაბამისი მკურნალობით უზრუნველოყოს. ამის შესახებ კენედი სოციალურ ქსელში წერს.
ვუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით მისი შესაძლო მოწამვლისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლოდროინდელი ცნობების ფონზე, როგორც ამას ქვეყნის სახალხო დამცველი ადასტურებს. ისევე, როგორც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს, საქართველოს მთავრობასაც აქვს ვალდებულება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით დაიცვას ყველა პატიმრისა ღირსება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. გაეროს ნელსონ მანდელას წესებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი ზომების შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის უფლებების დაცვა და დაგვარწმუნოს, რომ მას უტარდება შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა იმ მძიმე მდგომარეობის ფონზე, რაც, როგორც ჩანს, მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის" - წერს კერი კენედი.