დესტრუქციული და მავნე ფიგურა - ოპოზიცია ირაკლი კობახიძეზე

05.03.21 15:35
დესტრუქციული და მავნე ფიგურა - ოპოზიცია ირაკლი კობახიძეზე

გადამალული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის დროებით ჩრდილში გადაყვანის გადაწყვეტილება მმართველ გუნდში მიიღეს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, ამის მიზეზი კობახიძის ხისტი განცხადებები გახდა, რაც დაძაბულ ვითარებაში უადგილო იქნებოდა.  

„ლელოს“ წევრი, გრიგოლ გეგელიას აზრით, ირაკლი კობახიძე დესტრუქციული ფიგურაა და რაც უფრო დიდხანს გადამალავს მას „ქართული ოცნება“ მით უკეთესი იქნება.

აშკარაა, რომ როგორც ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული და მავნებელი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და ნამდვილად „ქართულ ოცნებაში“. კობახიძე გადამალეს, საიმედოდ შეფუთეს შეინახეს, იმიტომ, რომ მისი გამოჩენა არის თავის მოჭრა უბრალოდ, როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, ასევე ქვეყნის საგარეო პარტნიორებთან, უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან, როგორიცაა პრეზიდენტი მიშელი. ამიტომ, აშკარაა, რომ კობახიძე ჰყავთ გადამალული და მივესალმები ამ ძალისხმევას და იმედია, რომ არც გამოაჩენენ და შეინახავენ იქ, სადაც ჰყავთ შენახული, - ამბობს გეგელია.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგუალავას თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის გადამალვის შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“  მამა-მარჩენალმა მიიღო.  

კობახიძე არის ერთ-ერთი დამნაშავე აი, იმ საგიჟეთის, რაც ჩვენ მივიღეთ ბოლოში. კობახიძის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მომხრეებში არის ძალიან მძიმედ ნეგატიური, ამიტომ როგორც ჩანს, მამა-მარჩენალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამალოს ცოტა ხანი და ხალხი დაასვენოს კობახიძისგან, - განაცხადა უგულავამ.

 ირკალი კობახიძეს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ვერ აღიქვამს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგი ჩიხლაძე.

ეს სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებაში“ შიდა გადაჯგუფებებს უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, მოთამაშე, არც კობახიძეა და არც ღარიბაშვილია, ამიტომ დამოუკიდებელ ფიგურებად მე მათ არ აღვიქვამ და ამიტომ, არ მგონია, რომ ამას საერთოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, - ამბობს ჩიხლაძე.