ეწინააღმდეგება საერთაშორისო და შიდა სტანდარტებს - ომბუდსმენის აპარატი "ხალხის ძალის" კანონპროექტზე
საქართველოს ომბუდსმენის აპარატი "ხალხის ძალის" ახალ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ენჯეობის და მედიასაშუალებების გაკონტროლებას ისახავს, საგანგებო განცხადებით ეხმიანება.
ომბუდსმენის აპარატი მიიჩნევს, რომ "ხალხის ძალის" ახალი კანონპროექტი საერთაშორისო და შიდა სტანდარტებს არ შეესაბამება.
"ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებით, უფლებადამცველები ხშირად ხდებიან სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის კამპანიის ადრესატები, რაც, მათ შორის, შესაბამის ქვეყნებში „უცხოურ აგენტებად“ მათი გამოცხადებისთვის, საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაში შეიძლება გამოიხატოს";
საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ამდაგვარად ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა ქმნის მათ მიმართ უნდობლობის, შიშის შემცველ და მტრულ ატმოსფეროს";
"ვენეციის კომისიის განმარტებით, ხსენებული ტერმინი აბრუნებს კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს";
"ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას „უცხოელ ჯაშუშთან“ და „მოღალატესთან“, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში";
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან";
"ვენეციის კომისიის შეფასებით, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს აგრეთვე ორგანიზაციების აგენტებად რეგისტრაცია მათი თანხმობის გარეშე და ეს შესაძლებლობა კანონით არ უნდა იყოს დადგენილი", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.