პაპუაშვილი: დროა, ბრიუსელი ევროპულ გზას დაუბრუნდეს!
მინისტერიალის დაწყებამდე, ევროკომისრების განცხადებებს "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან.
ჯობია, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო - ასეთია მმართველი პარტიის სპიკერის პასუხი დასავლელი ლიდერების კრიტიკაზე.
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, "ომი და ეკონომიკური სტაგნაცია ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს, ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა".
"ქართული ოცნების" სპიკერი ამბობს, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც ევროპულ ღირებულებებს პრინციპულად ეწინააღმდეგება.
„მე მგონი, ზუსტად კარგი ვიზუალიზაცია იყო იმ მდგომარეობის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს არის ბარიერი საქართველოსა და ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ვნახეთ, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ვნახეთ, რომ როცა წევრ ქვეყნებზეა საუბარი, მათი სურვილია, დიალოგი იყოს საქართველოსა და ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს შორის, ამიტომაც არის, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში გავაძლიერეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით შეხვედრები, ვიზიტები. მნიშვნელოვანია, რომ წევრ ქვეყნებთან გქონდეს კომუნიკაცია და ვისაუბროთ დიალოგის აუცილებლობაზე, ვინაიდან კონფრონტაცია და ბოიკოტი არ არის ევროპული გზა. სამწუხაროდ, ეს არაევროპული გზა აქვს არჩეული დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გვქონდეს ორმხრივი კომუნიკაცია, დიალოგი მათთან, ვინც წარმომადგენენ საკუთარ ხალხს, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში, ბრიუსელიც დარწმუნდეს, რომ კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა და დროა, ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროპულ გზას - დიალოგის გახსნილობისა და კონფრონტაციული გზიდან გასვლისა.
რაც შეეხება ქალბატონ კოსს - მან თქვა, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდესო, რაც გაუგებარია. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე. თუ რაიმეს უწუნეს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას, რას უწუნებს. ჩვენი ქვეყანა დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენა არის, რომ ქრისტიანული ღირებულებები არის ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები. ასე რომ, ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, მაშინ გვითხრას, რა ასპექტში აქვს მას ეს პრობლემა.
რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას - მას შეუძლია, რამდენჯერაც უნდა ეს ყალბი ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია, რომ ჯობია, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო. ასე იქნებოდა ჩვენ რომ დაგვეჯერებინა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით უკრაინის და მოლდოვის მდგომარეობაში. მოლდოვაში წლებია არის ეკონომიკური სტაგნაცია, უკრაინაში კი წლებია, ომია. ზუსტად ორივე სცენარი ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს, ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
რა განცხადებები გაკეთდა მინისტერიალის დაწყებამდე:
- მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა დიალოგში, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას - ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
- მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
- „ქართველ ხალხს ევროპა სურს, ხელისუფლებას კი ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს“ - ბაიბა ბრაჟე
- [მინისტრებს] შევთავაზებ, იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს - კაია კალასი
- სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან [ოცნების ხელისუფლებასთან] არ ვითანამშრომლებთ - კოსი