Слава Україні! Героям слава! - "ლელოს" ლიდერები უკრაინაში მიდიან

21.02.23 00:16
Слава Україні! Героям слава! - "ლელოს" ლიდერები უკრაინაში მიდიან

 "ლელო საქართველოსთვის"  ომის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინაში მიემგზავრება. 

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. 

მისი თქმით, ყველა დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ეს არის ომი და ბრძოლა უკრაინელი ხალხისთვის, მათი თავისუფლებისთვის, მათი ოჯახებისთვის და მათი ერთიანი სახელმწიფოსთვის.

უკრაინის ბრძოლა არის ბრძოლა საქართველოსთვის, იმიტომ რომ დღეს წყდება თავისუფლების და დემოკრატიის ბედი არამარტო უკრაინაში, არამარტო საქართველოში, არამედ, ვიტყოდი, რომ მთელ ევროპაში და მთელ მსოფლიოში. 

მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, მივემგზავრები უკრაინაში, რათა ერთი წლის თავზე დავდგე ჩემი უკრაინელი მეგობრების გვერდში, გამოვუცხადო სოლიდარობა, ჩავუტანო ჰუმანიტარული დახმარება და კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ქართველი ხალხი არის ჩვენი უკრაინელი ძმების და დების გვერდში. 

ამ ომში გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს ვაჟკაცობა და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ის სანუკვარი ოცნება, რომელიც არამარტო უკრაინელებს, არამედ ქართველებსაც გვაქვს - ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და გამთლიანება. Слава Україні! Героям слава!, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

 პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინაში "ლელოს" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია მიემგზავრებიან. 

ვიზიტი  3-დღიანია და ქართველი პოლიტიკოსები შეხვედრებს გამართავენ რადაში, სადაც შეხვდებიან უკრაინის მმართველი პარტიისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან.

“ლელოს” დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ როგორც უკრაინის, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან. 

მსგავსი სიახლეები