"მორალი გვერდზე გადავდოთ, გამიხარდება, რუსეთიდან კაპიკებში შემოვიდეს ყველაფერი" - საქართველო რუსული საწვავის ტყვეობაში
სწრაფი სვლით რუსეთისკენ. საქართველო ოკუპანტ ქვეყანაზე ყოველდღიურად უფრო დამოკიდებული ხდება. ქვეყნაში რუსული ნავთობის წილი 70 პროცენტამდე გაიზარდა. ეს წინა წელთან შედარებით 50 პროცენტიანი ზრდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელი მომწოდებლები ქართულ ბაზარზე თითქმის აღარ არიან და ისინი რუსულმა ჩაანაცვლა.
საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში შემოსული ნავთობის 70 პროცენტი რუსეთიდანაა, რაც წინა წელთან შედარებით 563 პროცენტიანი მატებაა.
ახლა ჩვენი ქვეყანა ათობით მილიონ დოლარს ოკუპანტ ქვეყანას ურიცხავს. საწვავში გადახდილი 82 მილიონიდან 56 მილიონს რუსეთს უხდის.
ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ ამის მიზეზი რუსული საწვავის გაცილებით იაფი ფასია.
ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს იმპორტი, განსაკუთრებით რეგულარის ტიპის საწვავის, რუსეთიდან. რომ არ ვისარგებლოთ ამ მომენტით, მოგეხსენაბთ სად იყო ასული საწვავის ფასები. ყველა სარგებლობს ამ სიტუაციით და აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ ჩვენც. მოდით ახლა და მორალი გვერდზე გადავდოთ, გაჭირვებვული სამყაროა დღეს. ეს პროდუქტი მოდის კერძო მეწარმეებიდან, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი. ეს ბიზნესია და პოლიტიკა არ სჭირდება და კიდევ გიმეორებთ, სადაც ნახავს იაფს, მანდედან აიღებს. პრემიერის მითითება აუცილებლად შესრულდება, კიდევ გაიაფდება საწვავი. მე მოხარული ვიქნები იმით, რომ რუსეთიდან კაპიკებში შემოვიდეს სამშენებლო მასალა, ხე-ტყე, ყველაფერი", - ამბობს ვახტანგ იობაშვილი
ოპოზიციაში ამბობენ, რომ რუსეთზე ასეთი დოზით დამოკიდებულება რისკების შემცველია.
საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა, მათ შორის ენერგოდამოკიდებულება, ასევე საწვავთან დაკავშირებით. ექსპორტის კუთხითაც. ამიტომ, ამ პროცესიდან სამომავლოდ გამოსვლას სერიოზული მუშაობა დასჭირდება და როგორც იმპორტის ისე ექსპორტის დივერსიფიცირება", - ამბობს რომან გოცირიძე.