მეგონა, ქაჯეთის ციხედ წოდებულ „ვივამედში“ შევარდებოდით და სააკაშვილს გამოიხსნიდით - ხმაური საკრებულოში
ხმაური თბილისის საკრებულოში - დაპირისპირების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება გახდა.
სხდომაზე მისულ "ოცნების" დეპუტატებს დღეს ოპოზიციამ მაგიდაზე მესამე პრეზინტის სამედიცინო დოკუმენტაცია დაახვედრა, რასაც "ოცნების" დეპუტატების გაღიზიანება მოყვა.
ოპოზიცია ხელისუფლებას მიზანმიმართულად მკვლელობაში ადანაშაულებს, "ოცნება" კი ნაცმოძრაობას წარსულს ახსენებს.
„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, გიორგი ონიანი ამბობს, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, ეს დაავადება კი მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლებისთვის პირობაა.
მე თქვენ დღეს "ვივამედის" დადგენილ დიაგნოზს წარმოგიდგენთ. ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს კახექსია აქვს. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც სახელმწიფო და სასამართლო უნდა ხელმძღვანელობდნენ. კახექსია პატიმრის გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია", - განაცხადა გიორგი ონიანმა.
ამის შემდეგ ოპოზიციონერ კოლეგას ვლადიმერ ბოჟაძემ მიმართა: "მეგონა, ქაჯეთის ციხედ წოდებულ "ვივამედში" შევარდებოდით და გამოიხსნიდით მიხეილ სააკაშვილს".
მეგონა, „ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აღარ ილაპარაკებდა. ვფიქრობდი, რომ პირდაპირ თქვენი ახალარჩეული ლიდერით, დიდი ხნის წინ შევარდებოდით კლინიკაში და ქაჯეთის ციხედ წოდებული "ვივამედიდან" გამოიხსნიდით სააკაშვილს. ამ გმირობას თქვენგან დღესაც ველი. ეს კიდევ მეტი რადიკალიზაციის გზაა", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.