დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 62%-ს აღემატება - მინისტრის მოხსენება პარლამენტში
ვახტანგ გომალაურის თქმით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მეტია.
შს მინისტრმა განცხადება პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.
გომელაურის თქმით, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია. ამასთან, მინისტრის განცხადებით, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა და ქურდობა.
2022 წელს პოლიციამ კვლავ გააგრძელა დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა და ამაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე, სწრაფი რეაგირება მომხდარ დანაშაულზე, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა. პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62 %-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მაღალია. რაც შეეხება დანაშაულის დინამიკას, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია“, - განაცხადა გომელაურმა.
მისივე ინფორმაციით, გასულ წელს პოლიციამ 202 ნარკორეალიზატორი დააკავა. მინისტრის განცხადებით, დაკავებულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 62 პირი, დაიხურა 12 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია.
გომელაურის თქმით, სამართალდამცველებმა მხოლოდ გასულ წელს 184 კიბერდამნაშავე დააკავეს, ტრეფიკინგის ბრალდებით კი პასუხისგებაშია მიცემული 5 პირი, ამასთანავე, ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით შექმნილმა მობილურმა ჯგუფებმა რისკის შემცველი ათეულობით ობიექტი შეამოწმეს.