ის სიტუაცია არ არის, ყოფილ თავმჯდომარეს მოსაწვევები ვუგზავნოთ ან ფურშეტები ვახვედროთ - ირაკლი ნადირაძე
ხაბეიშვილის ფლანგმა მელიას მხარდამჭერები ოფისის გახსნაზე არ დაპატიჟა - ამის შესახებ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ფლანგის წევრები ამბობენ
ხაბეიშვილის ფლანგი კი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მათი ღონისძიება ყველასთვის ღია იყო და ვისაც უნდოდა, შეეძლო მისულიყო.
ირაკლი ნადირაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ის სიტუაცია არ არის, რომ ზარ-ზეიმით და ალაფუშეტებით გაეხსნათ ოფისები და მოსაწვევბი ეგზავნათ პარტიის წევრებისა თუ ყოფილი თავმჯდომარისთვის.
"აქ არ ყოფილა, რო ვინმე მოგვეწვია ან არ მოგვეწვია. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გავხსენით მე და ლევან ხაბეიშვილმა. არ გაგვიხსნია ზარ-ზეიმით ეს ოფისები. არ არის ახლა ქვეყანაში ის სიტუაცია, რომ პარტიის წევრებს ან ყოფილ თავმჯდომარეებს მოსაწვევები ვუგზავნოთ, ან ფურშეტები ვახვედროთ. გაკეთდა მოწოდება, რომ ყველასთვის ღიაა. არ ვყოფთ ამისიანებად და იმისიანებად. ვისაც უნდა ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის, ყველას გელოდებით თბილისის შტაბში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთის. რაც იყო ის მცირე დაძაბულობები, უნდა მორჩნენ ჭორაობას. ვისაც უნდა ბრძოლა, მოვიდეს, იაროს აქციებზე და მოდი დავკავდეთ ამით და არა იმით, რომ ვიღაცის კომენტარი დაიდო თუ არ დაიდო, რაც რამდენად არის სიმართლე, ეს ცალკე საზოგადეობამ გადაწყვიტოს", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.