გაქრა თუ არა საქართველო აშშ-ს დღის წესრიგიდან - რა თქვა კიევიდან დაბრუნებულმა ბაიდენმა
გაქრა თუ არა საქართველო აშშ-ს დღის წესრიგიდან - იმ ფონზე, როდესაც კიევიდან დაბრუნებული ბაიდენი თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის პოლონეთს და მოლდოვას აქებს, საქართველოს შესახებ სიტყვასა არ ძრავს.
კიევიდან ვარშავაში ჩასულმა ჯო ბაიდენმა პირდაპირ თქვა, რომ პუტინის ტირანიის წინააღდმეგ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება, ამ პროცესში კი ერთიანობა გადამწყვეტია.
ერთად დგომით პოლონელებმა გაუძლეს კომუნიზმის რკინის მუშს, ასე იბრძვიან დემოკრატიისთვის ოპოზიციის მამაცი ლიდერები ბელარუსში, ასე გადაწყვიტეს მოლდოველებმა ეცხოვრათ თავისუფლებაში, რამაც ისინი ევროკავშირის წევრობის გზაზე დააყენა. ვამაყობ, თავისუფალი მოლდოველი ხალხის გვერდით დგომას, არ ვიცი აქ არის თუ არა პრეზიდენტი სანდუ, ტაში დავუკრათ მას, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენის ამგვარი საქციელი ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. "ქართულ ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ფსონი უკრიანის დამარცხებაზე აქვს დადებული.
ბოლო 10 წელია მათ საერთდ არ დაუყენებიათ ცივილიზებული სამყაროს წინაშე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანის საკითხი. აქედან გამომდინარე, შენ თუ არ ითხოვ, თუ არ აქტიურობ, შენ თუ არ მიდიხარ და ესაუბრები და აწუხებ, ამ სიტყვის კარგი გაგებით, მსოფლიო ლიდერებს, ისინი შენი გულისთვის თავს არ შეიწუხებენ და არ მოიკლავენ. საქართველო, სამწუხაროდ, აღმოჩნდა სხვა განზომილებაში გეოპოლიტიკურად. ჩვენ ვართ ქოცური, შიშსა და უღირსობაზე დაფუძნებული პოლიტიკის მსხვერპლი და შესაბამისად, არც არავინ გვახსენებს, - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა.
"სტრატეგი აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" დასავლეთს კარი თავად მიუხურა. მისი თქმით, ხელისუფლება ამ ფაქტს ისევ რუსეთის სასიკეთოდ გარდაქმნის.
ეს არის არა იმის შედეგი, რომ დასავლეთმა მიგვატოვა, არამედ საქართველომ კარი მოუხურა დასავლეთს, საქართველოს ხელისუფლებამ და არა საქართველომ. ამას შემდეგ ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს და იტყვის, რომ რუსეთს უნდა ჩავბარდეთ, რადგან დასავლეთმა მიგვატოვა, შემდეგ ამას იტყვიან. ცნობილი რიტორიკაა პრორუსული ძალების ის, რომ ნატოში არ გვიშვებენ, დასავლეთს არ ვჭირდებით, ყველამ მიგვატოვა და რუსეთს გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს, ეს ასე არ არის, - თქვა პაატა მანჯგალაძემ.