როგორ შეიძლება ადამიანი დიდი პოლიტიკური პედესტალიდან თავისივე ნებით ჩამოცურდეს და დანარჩენებს დაემსგავსოს - წულუკიანი გახარიაზე
გახარიასთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ასე პასუხობს კულტურის მინისტრი ექსპრემიერის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მთავარ საფრთხეს სწორედ ხელისუფლება წარმოადგენს.
თეა წულუკიანის თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანი დიდი პოლიტიკური პედესტალიდან თავისივე ნებით ჩამოცურდეს და შემდეგ დანარჩენ ოპოზიციას დაემსგავსოს.
ძალიან მიჭირს გიორგი გახარიაზე საუბარი, რაც უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ჩვენი პარტიული სიის ნომერ პირველი ადამიანი, ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი არასერიოზულ მოცემულობად არის ქცეული. არაერთხელ მითქვამს, რომ მხოლოდ და მხოლოდ გულისტკივილს იწვევს ჩემში, როგორ შეიძლება, ადამიანი ერთი დიდი პოლიტიკური პედესტალიდან თავისივე ნებით ჩამოცურდეს, გადმოვარდეს და შემდეგ დაემსგავსოს იმას, რასაც დამსგავსებია დანარჩენი. ვნახოთ, რა უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით, ვერაფერს გააკეთებს, ხომ ხედავთ, სერიოზულ კომენტარსაც ვერ ვაკეთებ, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.