"კრემლთან კოლაბორაციას გავაპროტესტებთ" - დღეს, ღარიბაშვილის სამსახურთან აქცია-პერფორმანსი გაიმართება
"თოვდა და თბილისს ებურა თალხი" - ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი დღეს 20:00-ზე ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურთან გაიმართება. ორგანიზატორი პარტია „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების ინსტიტუტი", ,,ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა“ და „ტაბულა" არიან.
,,ტაბულას" დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ,,კრემლის აგენტურის კანცელარიასთან" გაიმართება აქცია, რომელიც საქართველოს გასაბჭოებას მიეძღვნება და გააპროტესტებენ კრემლთან კოლაბორაციას იქ, სადაც კრემლის აგენტები სხედან.
დღეს 20:00-ზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, რომელიც დღეს სამწუხაროდ კრემლის გავლენის აგენტურის კანცელარიაა და არაფერი სხვა, გავმართავთ აქციას, რომელიც მიეძღვნება საქართველოს გასაბჭოებას. გავაპროტესტებთ კრემლთან კოლაბორაციას, იმ ადგილზე, სადაც დღეს კრემლის გავლენის აგენტები სხედან. სამწუხაროდ, ჩვენ სხვას ვერაფერს ვიტყვით მათზე, რადგან მათი ყველა გზავნილი არის კრემლის გზავნილი, -" ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.