გაბრაზებული ხალხი ღარიბაშვილს პასუხს სთხოვს - მთავრობის ადმინისტრაციამ ფეისბუკზე მოქალაქეების დაბლოკვა დაიწყო
მთავრობის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში მოქალაქეების დაბლოკვა დაიწყო. წაშალეს ყველა კომენტარი, სადაც გაბრაზებულმა ხალხმა დაწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია.
მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წლისთავზე რუსეთის ხსენება ისევ ვერ გაბედა, მოქალაქეებმა პრემიერისთვის საჯაროდ კითხვების დასმა დაიწყეს, თუმცა პასუხების მიღების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ჯერ კრიტიკული კომენტარები წაშალეს, შემდეგ კი არასასურველი კომენტარების ავტორები შავ სიაში მოახვედრეს. დაბლოკეს, ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეებიც.
"ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი გადაწერას ცდილობს ჩვენი უახლესი ისტორიის. რუსეთმა ოკუპაცია გააკეთა ჩვენი ტერიტორიების, დახოცა ჩვენი მოქალაქეები და ამას აკეთებენ იმისთვის, რომ დავემონეთ, იმისთვის, რომ დაგვეკარგა ჩვენი დამოუკიდებლობა. მათთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ის, რომ ადამიანები აღშფოთებულები არიან და ადამიანები უწერენ მათ კომენტარებს, მათ არ უდნათ, რომ სხვა მოქალაქეებმა წაიკითხონ ეს და გაუჩნდეთ კითხვა, რომ შეიძლება გვატყუებენ", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" გენერალური დირექტორი ეკა გიგაური.
ქვეყნის პრემიერ მინისტრმა საბჭოთა ოკუპაციდან 102 წლის თავზე რუსეთის ხსენება ვერ გაბედა.
მთავრობის მეთაური, რომელმაც დილა იუნკერთა მემორიალთან უხერხული დუმილით დაიწყო, ვერ ბედავს დაგმოს რუსული აგრესი. საბჭოთა ოკუპაციის 102 წლის თავზე, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს, ღარიბაშვილი სიტყვით არ გამოსულა, მხოლოდ განცხადება გაავრცელა, თუმცა რუსული ოკუპაცია არც საბჭოთა ოკუპაციის დღეს გაახსენდა და რუსეთი არც ერთხელ უხსენებია.