დაპირისპირება კალაძე-წულუკიანს შორის - მინისტრმა მერის ახლო გარემოცვის წევრებს დაფინანსება შეუწყვიტა

25.02.23 20:26
დაპირისპირება კალაძე-წულუკიანს შორის - მინისტრმა მერის ახლო გარემოცვის წევრებს დაფინანსება შეუწყვიტა

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კულტურის მინისტრსა და დედაქალაქის მერს შორის დაპირისპირება ნამდვილ ომში გადაიზარდა - თეა წულუკიანმა სპორტულ ფედერაციებს, რომლის ხელმძღვანელებიც კახა კალაძის ახლო გარემოცვის წევრები არიან, დაფინანსება შეუწყვიტა.

ირკვევა, რომ მინისტრმა 2022 წელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ფულის გარეშე დატოვა საქართველოს სამბოს ფედერაცია.  შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე წასვლა მხოლოდ ხუთმა სპორტსმენმა შეძლო. 

სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი და "ქართული ოცნების" დეპუტატი საკრებულოში, ავთანდილ ცინცაძე არ მალავს, ფედერაციას პრობლემები ნამდვილად აქვს. მისივე ნათქვამიდან ირკვევა, რომ ამის მიზეზი მოლოდინის რეჟიმია. წულუკიანს ჯერ არ გადუაწყვეტია, დაუმტკიცებს თუ არა საქართველოს სამბოს ფედერაციას 2023 წლის ბიუჯეტს თუ კვლავ უფულოდ დატოვებს. 

როგორც "შაბათის ეთერმა" გაარკვია, წულუკიანი ფულს ფედერაციას აღარ ანდობს, შეჯიბრებებისთვის საჭირო თანხა ოლიმპიურ კომიტეტში, ლერი ხაბელოვთან ირიცხება.

საქართველოს სამბოს ფედერაცია ერთადერთი არ არის, რომელიც წულუკიანმა ფულის გარეშე დატოვა. წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ  ბიუჯეტის გარეშე 10-ზე მეტი ფედერაცია დარჩა. ფინანსებთან წვდომა კულტურისა და სპორტის  მინისტრმა საქართველოს კრივის ეროვნულ  ფედერაციასაც შეუზღუდა.

 წულუკიანმა ფულის განკარგავ წიკლაურის უწყებას მას შემდეგ აუკრძალა, რაც  ფედერაციისთვის ბიუჯეტის მოულოდნელი შემცირების შემდეგ გამართული შეხვედრა გინებით და ხმაურით დასრულდა. დავით წიკლაური თბილისის მერის მხარდამჭერ სპორტსმენებში მოიაზრება.

წყაროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა დაფინანსების გარეშე დატოვა საქართველოს სკეიტბორდის ფედერაცია . მისი პრეზიდენტიც კახა კალაძის გარემოცვის წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძეა.   

"ქართულ ოცნებაში კახი კალაძის და თეა წულუკიანის დაპირისპირების ამბავი ყველამ იცის​, თუმცა დიდ ჯახზე კამერების წინ ლაპარაკი არავის უნდა.

2023 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 401,2 მილიონი ლარი იქნება, თუმცა სპორტსმენების ნაწილის ბედი  ამ დრომდე კითხვის ნიშნის ვქეშაა. წულუკიანს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაიღებს თუ არა თანხას.

შეგახსენებთ იმასაც, რომ თეა წულუკიანმა თბილისის მერიაში შემავალი კულტურის მემკვიდრეობის საბჭოდან, რომელიც ძველ თბილისში მშენებლობის ნებართვებს გასცემს, წევრები დემარშით გამოიყვანა.

ოცნების ლიდერების გამოუცხადებელი ომი - ნახეთ, მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი