ტყეში არ დავმალულვარ, ვცხოვრობდი თბილისში, ვმგზავრობდი მეტროთი - ექსკლუზიური ინტერვიუ ბადრი ესებუასთან
"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი - ეს ბადრი ესებუას გადაადგილების მარშრუტია მაშინ როდესაც, ტერორისტად გამოცხადებულ ესებუას ძალოვანების მტკიცებით. ყველა საპოლიციო დანაყოფი, სუსი და სპეცრაზმი ეძებდა, 34 წლის კაცი ჯერ ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, ნაქირავებ აპარატამენტებში შემდეგ კი თბილისში ცხოვრობდა.
ტერორისტად გამოცხადებული ყოფილი ჯარისკაცი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ტყეში არცერთი დღე არ დამალულა და არ უცხოვრია.
"როგორც ჩვეულებრივი ადამიანი ისე ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ინფორმაციაზე წვდომა მქონდა და სირცხვილია, ახლა რომ იბრალებენ თითქოს მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავაადგილდებოდი. მთელს საქართველოში. მათ შორის დედაქალაქშიც"- აცხადებს ბრალდებული.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ბადრი ესებუას ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, კოდირებული კარის ელექტრო გასაღები, ე.წ. ჩიპი, რომელსაც უმეტესად სადარბაზოების შესასვლელის ჩასაკეტად ან ლიფტით სარგებლობისთვის იყენებენ. მას თან ჰქონდა მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათი მეტრომანი.
ირკვევა, რომ სანამ მას მთელს საქართველოში ეძებდნენ. ესებუა პერიოდულად ღამეს სასტუმროებში ათევდა, ბოლო ექვსი თვე კი ცხოვრობდა თბილისში, მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში.
"ოკუპირებულ ტერიტორიზე წელიწადნახევარი ან ერთი წელი ვიმყოფებოდი. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2022 წლის ოქტომბერში დავბრუნდი. ვცხოვრობდი ბათუმში, ასევე თბილისში. დედაქალაქში მეტროთი გადავაადგილდებოდი, რადგან ეს უსაფრთხო იყო"- ამბობს ესებუა.