არაყი, ღვინო, კონიაკი და ბოლო მოდელის iphone-ბი - რაში ხარჯავს თავდაცვის მინისტრი ჯარის ფულს

25.02.23 21:35
არაყი, ღვინო, კონიაკი და ბოლო მოდელის iphone-ბი - რაში ხარჯავს თავდაცვის მინისტრი ჯარის ფულს

"ნოდარ მელაძის საბათის" ექსკლუზივი - თავდაცვის სამინისტროდან დამალული დოკემენტებმა გამოჟონა. ირკვევა, რომ 2022 წლის 23 სექტემბრიდან 26 დეკემბრამდე, ბურჭულაძის უწყებამ, კომპანია Apple-ის წარმოებული 12 iphone შეიძინა, და ჯამში 51 ათას ლარზე მეტი გადაიხადა. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს,  კორპორაცია "ეფლმა", აიფონ 14-ის მოდელი წარმოადგინა.  პრეზენტაციიდან ათ დღეში კი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, "ეფლ სითისგან"  4 აიფონ 14 პრო იყიდა. ოთხივე შავი, ჯამში 18 ათას 396 ლარად. 

კანონის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, 51 ათას ლარად, ბოლო მოდელის აიფონების ყიდვის დოკუმენტაცია შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე აეტვირთა, თუმცა საბუთები გააქრეს.

ამასთან, "შაბათის ეთერის" ხელშია თავდაცვის სამინისტროს მიერ ასობით ათასი ლარის ხარჯვის დამადასტურებელი სხვა ათობით დოკუმენტიც. ჯამში მხოლოდ ორი კონტრაქტით, რომელიც თავდაცვის სამინიტრომ 2022 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში გააფორმა, ჯარის ფულით სამინისტროს, 44 კილოგრამი ყავა და კიდევ 1560 ყავის კაფსულა აქვს ნაყიდი.

ამასთან დოკუმენტების თანახმად, მხოლოდ ძლიერი და არომატული სასმელების შეძენა, სამინისტროს, ჯარის ფულით 14 ათასი დაჯდა.  

მოპოვებული საბუთებით დგინდება  ისიც რომ მინისტრმა 2022 წელს 1562 ბოთლი ღვინო, 420 ბოთლი არაყი, 30 ბოთლი მუხაში დავარგებული ჭაჭა და 20 ბოთლი სარაჯიშვილის კონიაკი იყიდა. 

ასამდე კონტრაქტში, რომელიც თავდაცვის მინისტრმა დამალა, არის  "გუდვილთან" და "კარფურთან" გაფორმებული ხელშეკრულებებიც. ერთი შოპინგი გუდვილში 60 ათასი ლარი დაჯდა.

"კარფურშივე" შეუკვეთეს ახალი წლისთვის სასაჩუქრე კალათებიც.  170 საახალწლო სასაჩუქრე კალათის დამზადება, 17  ათას 714 ლარი დაჯდა. 

ნახეთ დოკუმენტები, რომლებსაც თავდაცვის სამინისტრო გულმოდგინედ მალავდა - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი