არჩევნებზე უნდა მივიდეთ ახალი ადმინისტრაციით, ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებით - ჯაფარიძე
"ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიცია საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობდა. ჯაფარიძის თქმით, მათ შეიმუშავეს წინადადებები, რომლებსაც ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე მმართველ გუნდს წარუდგენენ.
ვიმსჯელეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, იმ ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია განხორციელდეს საარჩევნო კანონმდებლობაში. ჩვენ გვექნება დასაბუთებული წინადადებებები, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე უნდა მივიდეთ ახალი ადმინისტრაციით, ახალი კომისიებით, ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებით, ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება, რომ წელს ჩავატაროთ მართლაც გამორჩეული არჩევნები, რომელიც არ დაბადებს არანაირ კითხვას", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
"ლელოს" ოფისში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საარჩევნო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში,სავარაუდოდ, სამშაბათს მოხდება.