ამნისტიის განხილვა არ შეწყდება - ოპოზიცია საკუთარ კანონპროექტს წარადგენს
ამნისტიის კანონპროექტის საჭიროება აღარ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დღეს ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. ამის მიუხედავად, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები განმარტავენ, რომ ამნისტიის კანონპროექტის უკან გაწვევა ვერ მოხდება, რადგან ეს ევროპელ შუამავალთან დადებული შეთანხმების ნაწილია.
ევროპელი მედიატორის შეთანხმებაზე ხელის მომწერი პარტიები ასევე „ქართული ოცნების“ კანონპროექტს მიუღებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ პარლამენტში მათ მიერ წარდგენილი პროექტი უნდა დამტკიცდეს, რომელშიც გარკვეული ჩამკეტი მექანიზმები იქნება ჩადებული.
ამნისტიის განხილვა არ შეწყდება იმიტომ, რომ ეს არის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი. უბრალოდ, მელიას გამოსვლა ჩვენ ხელ-ფეხს გაგვიხსნის, უფრო მოქნილებს გაგვხდის, აღარ ვიქნებით ცაიტნოტში და შესაძლებლობა იქნება უფრო ძირეულად ამ კანონპროექტზე მსჯელობის. ასევე, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, მედიატორების ჩართვა, პოლიტიკური წნეხის გაძლიერება „ქართულ ოცნებაზე“, რაც, რა თქმა უნდა, პოზიტიურად იმოქმედებს კანონპროექტის იმ ვერსიის მიღებაზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი ვერსიაა, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე.
„ლელოს“ წევრი, ლევან სამუშია, აცხადებს, რომ ამნისტიის ის კანონპროექტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარადგენს, მიუღებელია, რადგან ის დამნაშავე თანამდებობის პირებისა და მაღალჩინოსნების პატიებისკენ არის მიმართული.
ეს არის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, ამნისტიის კანონპროექტი, ეს არ არის ამნისტიის კანონპროექტი. ეს არის „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების და მაღალჩინოსნების და მათი ხელმძღვანელების მიერ ჩადენილი დანაშაულის პატიების კანონპორექტი, რისიც კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, - ამბობს სამუშია.