ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამნისტიის კანონპროექტი არ შედგეს - ,,ენმ"

10.05.21 12:00
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამნისტიის კანონპროექტი არ შედგეს - ,,ენმ"

გაიწვევენ თუ არა უკან ამნისტიის კანონპროექტს - 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდებულების ამნისტიით გათავისუფლების კატეგორიული წინააღმდეგია „ნაციონალური მოძრაობა“. ნიკა მელიას პარტიაში ამბობენ, რომ თვალების დამთხრელი სპერაზმელების და პოლიციელების ამნისტიას არ დაუშვებენ. „ნაციონლური მოძრაობაში“ ასევე აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც პარტიის თავმჯდომარე საპატიმროს დატოვებს. 

ჯერ ნიკა მელიას თავისუფალი არ არის, ის ჯერ კიდევ მძევლად არის აყვანილი, შესაბამისად, როგორც კი საპატიმროს დატოვებს, ამის შემდეგ გაიხსნება დისკუსია პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით და პარტიის გადაწყვეტილება პირველი ეცოდინება საზოგადოებას. ამ დრომდე ამ თემაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დისუკუსია არ გახსნილა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ამნისტიის პროექტი არ შედგეს, იმიტომ, რომ არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ ისტორიის გადაწერის შესაძლებლობა, რასაც ძალიან ცდილობენ, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი. 

ამნისტიის წინააღმდეგია „ევროპული საქართველოც“. პარტიის წევრი, ლაშა დამენია ამბობს, რომ პოლიტიკური მძევლები დამნაშავეებთან გაიგივებულები არ უნდა იყვნენ. მიუხედავად ამისა, დამენია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნულ კანონს მაინც მიიღებს. 

მელიას გამოშვების შემდეგ კი არა, ამნისტია არც უნდა დაწყებულიყო ამ ფორმით, რა ფორმითაც არის და არ უნდა გაიგივდეს პოლიტიკური მძევლები დამნაშავეებთან, რომლებმაც მოაწყვეს 20 ივნისის სისხლიანი ღამე. იმ პირობებში, როდესაც კლიმატი არაფერი შეცვლილა და „ქართული ოცნება“ ისევ ძალისმიერი მეთოდებით და ხელის გადაგრეხვით ცდილობს ყველაფრის კეთებას, ვფიქრობ, რომ მიიღებს ამნისტიის ამ კანონს, - ამბობს დამენია.