თქვენს გვერდით ვარ - პრეზიდენტის მხარდაჭერა აქციის მონაწილეებს

07.03.23 23:51
თქვენს გვერდით ვარ - პრეზიდენტის მხარდაჭერა აქციის მონაწილეებს

თქვენს გვერდით ვარ, თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში, აქციაზე მყოფ მოქალაქეენს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ. 

"არავის არ აქვს უფლება წაგართვათ მომავალი..." - მიმართა პრეზიდენტმა აქციაზე შეკრებილებს.

მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. ვდგავარ აქ, ნიუ იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც დღემდე მოვედით და მე ვარ დღეს თქვენს გვერდით, იმიტომ რომ დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენ შემდეგ თაობებს, ყველას, ეს მომავალი არის ის, რასაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და ამიტომ, არავის არ აქვს უფლება, წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი"- თქვა საქართველოს პრეზიდენტს. 

აშშ-დან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ "კანონი გასაუქმებელია". 

არავის აქვს უფლება, დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი. რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და კომისიამ კარგად იცის, რა ტიპის კანონია ეს. პირველივე დღიდან, ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მუხლობრივი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება რაღაც ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება. მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი, მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა საქართველოს ინსტიტუტი ვალდებულია, პირველ რიგში მე, ასევე მთავრობა, ხელისუფლება, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირთან, რომ ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული და დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპის გამო"- დასძინა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებს მიმართა - "რას ვიცავთ ან რას წარმოადგენთ, თუ არა ამ ევროპულ მომავალს?"- ეუბნება პრეზიდენტი დიპლომატებს. 

ჩვენ ყველა ერთად, ახალგაზრდები, ვინც იქ ხართ, მე, როცა აქ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და მექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები ან გაეროს ტრიბუნიდან როცა იმავეს ვამბობ. ვამბობთ იმას, რომ არ გვინდა ის კანონი, რომელიც უაზრო არის, თუ არა მისი აზრი, რომ ჩამოგვაშოროს ევროპას. ყველანი ერთად ვართ დღეს, ხვალ ერთად ვიქნებით და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ თქვენ, იმიტომ რომ ეს პირობა მე ჩემ თავს დავუდე დიდი ხნის წინ"- თქვა ვიდეომიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტმა.