საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი - ოპოზიცია "ოცნებას" საკუთარ ვერსიას აცნობს

10.05.21 15:31
საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი - ოპოზიცია "ოცნებას" საკუთარ ვერსიას აცნობს

ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი - დათანხმდება თუ არა „ქართული ოცნება“ ცვლილებებს, ჯერ-ჯერობით უცნობია. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მხარეები ამ წუთებში მსჯელობენ. 

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი, იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომელსაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული პაკეტი ითვალისწინებს.

შემოგვაქვს ელექტრონული დათვლის და ელექტრონული ანაბეჭდების მექანიზმები. შემოგვაქვს ავტომატურ რეჟიმში შემთხვევითი შერჩევის წესით 10% სავალდებულო გადათვლის ვალდებულება. შემოგვაქვს საჯარიმო სანქციები შეკრებაზე, ასი მეტრის რადიუსით იზრდება შეკრების ადგილი საარჩევნო უბნებთან. ამის გარდა, მათ შორის, დაუბალანსებული ოქმების შემთხვევაში ავტომატურად დაექვემდებარება გადათვლას. ეს ყველაფერი ერთობლივად დამდვილად გააჩენს განცდას, რომ საქართველოში არჩევნები შეუძლებელი იქნება უბრალოდ, რომ გაყალბდეს, - ამბობს „მოქალაქეების“ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი,  შალვა პაპუაშვილი, ყურადღებას რამდენიმე საკითხზე ამახვილებს. დეპუტატი მნიშვნელოვნად მიიჩნევს თვითმმართველობის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას. 

პაპუაშვილი თვლის, რომ ოპოზიციამ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მითი შექმნა, რომელსაც შემდეგ თავად ემსხვერპლა. 

რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი: ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება,  რომ დავაახლოვოთ ჩვენი წარმოდგენები. მეორე, ეს გახლავთ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რა მასშტაბით და რა ფორმით შეიძლება ეს მოხდეს. ვფიქრობ, რომ ისინი ჯერ კიდევ არიან საკუთარი მითების მსხვერპლი და მოქცეული იმ წარმოდგენებში, რომელიც მათ საკუთარ თავს შეუქმნეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გავიდა უკვე 6 თვეზე მეტი, ჩვენ ვნახეთ, რომ მითი გაყალბებული არჩევნების შესახებ დაიმსხვრა. ჩვენ ოპონენტებს მოვუწოდებ წინ გაიხედონ, რომ ვიმსჯელოთ იმ ადმინისტრაციულ-ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

არასამთვარობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები ყურადღებას საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაზე ამახვილებენ, რადგან ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება ამის გარეშე ვერ მოხერხდება. 

საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა. აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილებების შესატანად „ქართული ოცნება“ ოპოზიციისგან მყარ არგუმენტაციებს ითხოვს. 
 

მსგავსი სიახლეები