ღარიბაშვილის უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება - არახამია საქართველოს პრემიერს პასუხობს

13.03.23 15:26
ღარიბაშვილის უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება - არახამია საქართველოს პრემიერს პასუხობს

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას ეხმიანება. 

უკრაინელი პოლიტიკოსი წერს, რომ  საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნება, მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა, თუმცა ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ ესმის არ ესმის. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაწყენებულმა განაცხადა, რომ თითქოს უკრაინელი პოლიტიკოსები ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში.

მეჩვენება, რომ მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ძალაუფლება სავსეა რუსეთის აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა.

ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ეს ესმის, პრემიერი კი ვითომ არ ესმის.

ვფიქრობ, რომ ის დაიწყებს იმის გაგებას, როდესაც გამოქვეყნდება მისი ახლო წრის ანგარიშები და ტრანზაქციები.

სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ საქართველოში ამის გამომძიებელი არავინ იქნება, რადგან „ხელი იბანს ხელს“.                                                                                                                                                                    

P.S. და საკმარისია ქართველი ხალხის შეშინება იმით, რომ უკრაინას ომი სურს საქართველოსთან. ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა, ასეთ ტანჯვას ვერავის ვუსურვებთ.

უკრაინას სურს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველ ძმებთან ერთად და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით"- დაწერა არახამიამ.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ პოლიტიკოსებს, მათ შორის ზელენსკისა და კლიჩკოს "ლუზერები" უწოდა. პრემიერი ირწმუნება, რომ  მათი მთავარი მიზანი, საქართველოში გადატრიალებაა.