ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - ნიკა მელია შესაძლოა, დედაქალაქის მერობის კანდიდატად დასახელდეს

11.05.21 11:29
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - ნიკა მელია შესაძლოა, დედაქალაქის მერობის კანდიდატად დასახელდეს

მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის - „პირველებმა“ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გაარკვია. არაოფიცილური ინფორმაციით, დედაქალაქის მერის პოსტზე შესაძლოა, ოპოზიციის საერთო კანდიდატად ნიკა მელია დაასახელდეს. არსებობს მოსაზრება, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე, ხოლო მის მოადგილედ ელენე ხოშტარია დასახელდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია, კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

„ევროპული საქართველო იყო და არის პრაგმატული კოორდინაციის მომხრე და ეს პროცესი უნდა დაიწყოს სწრაფად და უნდა დასრულდეს სწრაფად, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, რაზე და რა ფორმით შეჯერდა ოპოზიცია. წარმატებას სჭირდება კოორდინაცია. რა ფორმის იქნება კოორდინაცია, აი, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ მალე,  - ამბობს ბოკერია.

პარტია „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, ამბობს, რომ დედაქალაქის მერის პოსტზე ნიკა მელიას კანდიდატურა მათ პარტიაში არ განიხილება. მისი თქმით, „ლელო“ საკუთარი კანდიდატების წარდგენაზეა ორიენტირებული. 

ასეთი თემა არ განიხილება პარტია „ლელოს“ მიერ. ჩვენ ვართ კონცეტრირებული ჩვენს მომზადებაზე ადგილობრივი არჩევნებისათვის. აქედან გამომდინარე, ეს თემა პარტიაში არ გაიხილება, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

დედაქალაქის მერთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია თავად ნიკა მელიას პოზიციაც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა, ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები უნდა გაიმართოს. მისი თქმით, პარტიის თავმდჯომარე კონსულტაციებს სხვა პარტიებთანაც გაივლის, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის კონსულტაცია, მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს გამართვა, რომელიც არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკასთვის ასევე მნიშვნელოვანია კონსულტაციები სხვა პარტიებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან და რა თქმა უნდა, შემდეგ ერთობლივად შეჯერებული პოზიციებით და კონსესუსზე დაყრდნობით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, - ამბობს ბოკუჩავა.

საერთო ოპოზიციური ერთობას გამოეთიშა „სტრატეგია აღმაშენებელი“. პარტიაში ამბობენ, რომ თბილისის მერის  პოსტზე საკუთარ კანდიდატს წარადგენენ, თუმაც გამორიცხული არ არის, სხვა პარტიის კანდიდატურასაც დაუჭირონ მხარი.

მერის არჩევნებზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე მძლავრი კანდიდატი უნდა იყოს. ისევ იმ აზრზე ვრჩებით, რომ უნდა იყოს მესამე მძლავრი ალტენრატიული კანდიდატი, რომელიც არ იქნება აფინირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ექნება შანსი, რომ მეორე  ტურში დაუპირისპირდეს „ოცნებას“, ან კიდევ უკეთესი, ორი ოპოზიციური კანდიდატი იყოს მეორე ტურში იმიტომ, რომ როდესაც პირისპირ რჩება „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, წინა 8 წლის გამოცდილება გვანახებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარცხდება, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლის საკითხს, „ევროპული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს. პარტიის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ ამ ნაბიჯისგან თავი უნდა შეიკავოს „ნაციონალურმა მოძრაობამაც“. 
 

მსგავსი სიახლეები