"ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება" - ბათუმში ბავშვის დაღუპვის გაქტზე 1 პირი დააკავეს
ბათუმის ბულვარში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 1958 წელს დაბადებული პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე
"გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი - 2014 წელს დაბადებული დ.პ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო". - წერია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.