"ნაციონალი ლექტორები სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ ნიშნების მომატებას სთავაზობდნენ" - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ახალგაზრდების წინააღმდეგ ილაშქრებს - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "ნაციონალი ლექტორები სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ ნიშნების მომატებას სთავაზობდნენ":
"დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა. ასევე დაფიქსირდა საუნივერსიტეტო-სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით. ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების პროფესორები, მათ შორის თსუ-ს დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტიდან გააძევეს.
შემაშფოთებელი იყო ნაციონალი ლექტორების მიერ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ რომ ნაციონალი ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაც ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა", - თქვა კობახიძემ.