2003 წლის რევოლუციამ ქვეყანას წამება და 20%-ის ოკუპაცია მოუტანა - ირაკლი კობახიძე
"2003 წლის რევოლუციამ მოიტანა დემოკრატიული უკუსვლა, ქვეყნის 20%-ის დაკარგვა"- ამ სკანდალური განცხადების ავტორი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის მტკიცებით, 20 წლის წინანდელი მოვლენების უკან NGO-ები იდგნენ.
NGO-ების მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს უკვე შედგა რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უცხოური გავლენის აგენტების ხელით ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ არასოდეს დავუშვებთ"- უთხრა მედიას კობახიძემ.
რუსულ კანონზე საუბრისას "ოცნების" თავმჯდოდომარემ აღნიშნა, რომ "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა:
"კანონპროექტების გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ ენჯეოების ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას. კანონპროექტი, რომლის ერთადერთი მიზანიც არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო, ამოქმედების გარეშეც გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.